2018-მიმდინარე .
ასოც. პროფ. თეიმურაზ
მანჯაფარაშვილი
(ხელმძღვანელი),
მაგისტრანტი: ირაკლი
გოცირიძე
თანამედროვე ინფორმაციულმა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ძალიან სწრაფად დრამატულად შეცვალა
ცოდნის გავრცელების პროცესი. e-სწავლების სისტემების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და სულ უფრო მეტი
მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას მათი დროისა და ფინანსური რესურსების დამზოგავ ეფექტურობაზე. ამის
მისაღწევად კი საჭიროა თრეინინგის/წვრთნის სცენარის მორგება თითოეულ მოსწავლე-სტაჟიორზე.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ერთ-ერთი ამოცანაა თრეინინგის პროცესის ინტენსიფიკაცია, რაც შეიძლება
მიღწეულ იქნას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული ინსტრუმენტების (ICTE -
ის) სხვადასხვა და წარმატებული ინსტრუმენტების გამოყენებით. დღეისათვის ხდება საკლასო ოთახში
ტრადიციული სწავლის პროცესის გადასვლა ონლაინ თრეინინგსა და კონსულტაციაზე. თუმცა ხშირად არ ექცევა
ყურადღება იმას, რომ ადამიანებს ინფორმაციის სხვადასხვა აღქმა გააჩნიათ. ეს განსხვავება არა მარტო
ვიზუალური ან სმენითია, არამედ უკავშირდება აგრეთვე სასწავლო ნივთების ფერსა და პრეზენტაციის სიჩქარეს.
თრეინინგის სისტემამ უნდა გაითვალიწინოს მოსწავლის - სტაჟიორის ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპი.
აპლიკანტის ტემპერამენტის ტიპის შესაცნობად ტრადიციულად გამოიყენება ტესტირება. ტრადიციული
ტესტებიდან - კითხვარებიდან ცალკე არსებობს სხვა ტიპის ტესტები: ხატვის, ფერების, გეომეტრიული ფიგურების,
სურათების, კარტის თამაშის, რიცხვების, სცენარის, ხელნაწერის ანალიზის, ხაზვის და სხვა ტესტები. ასეთი სახის
ტესტების განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ისინი უფრო ქვეცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს ეყრდნობა
და ამიტომ უფრო თავისუფალია მანიპულირებისაგან, თანაც მნიშვნელოვნად ნაკლებ დროს მოითხოვენ და
განწყობაზეც ნაკლებად არიან დამოკიდებული.
ჩვენი ამოცანაა რამოდენიმე ასეთი სხვა ტიპის ტესტის კომბინაციით და სუბიექტური ინფორმაციის წარმოდგენისა
და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მოკლე, სწრაფი და მანიპულირების
შესაძლებლობებიდან თავისუფალი ტესტი–პროგრამული სისტემა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვედგინა
აპლიკანტის ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპი ელექტრონული სწავლების თუ სხვა საჭიროებისათვის.
შერჩეული იქნა პარამეტრები, რომლებიც გამოყენებული იქნება აპლიკანტის ტემპერამენტის ტიპის შესაცნობად:
ფერი, ფიგურები, აქტივობა და დევიზი. მოხდა ამ პარამეტრების ფაზიფიკაცია. როგორც დელინჯერის
ნაშრომებიდან ჩანს, გამომავალი ცვვლადი წარმოადგენს ერთი ძირითადი ხასიათისა (ტემპერამენტის) და ერთი
მეორადი ხასიათის (ტემპერამენტის) სიმრავლეს. რადგან ჩვენს შემთხვევაში შემავალი ცვლადები არამკაფიო
ცვლადებია, გამომავალი ცვლადი იქნება 5 - ტემპერამენტიან სიმრავლეზე განსაზღვრული არამკაფიო სიმრავლე,
ანუ ტემპერამენტების გამომავალი არამკაფიო სიმრავლე ზოგადად შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:
µ1R1+µ2R2
სადაც µ1 არის პირველადი ხასიათის (ტემპერამენტის) დასაჯერებლობის დონე, ხოლო R1 არის პირველადი
ხასიათის (ტემპერამენტის) მნიშვნელობა, ხოლო µ2 არის მეორადი ხასიათის (ტემპერამენტის) დასაჯერებლობის
დონე, შესაბამისად R2 არის მეორადი ხასიათის (ტემპერამენტის) მნიშვნელობა. შექმნილია ალგორითმი,
რომლითაც შემავალი ცვლადების მნიშვნელობების მიხედვით პირველადი და მეორადი ხასიათის (ტემპერამენტის)
მნიშვნელობების დადგენა კონკრეტული აპლიკანტისათვის ზემოთ ჩამოთვლილი 5 ტემპერამენტის სიიდან, ასევე
მათი მიკუთვნების მნიშვნელობების გამოთვლა შემავალი ცვლადების მიკუთვნების მნიშვნელობებიდან.
მიმდინარეობს პროგრამული სისტემის შექმნა, რომელიც ამ ალგორითმის რეალიზაციას მოახდენს. სისტემის
განთავსება გათვალისწინებულია ინტერნეტში ფაკულტეტის საიტზე, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება
თვითონვე განსაზღვროს თავისი ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპი. პარალელურად მზადდება სამეცნიერო სტატია
მაღალი რეიტინგის საზღვარგარეთულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.